ზელენსკი ბრიტანეთს ეწვევა, ლონდონი გამოდის ახალი სამხედრო დახმარების დაპირებით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს ლონდონს ეწვევა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შესახვედრად, იუწყება სუნაკის ოფისი.
განცხადების თანახმად, ზელენსკი მოინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნას გადიან და მიმართავს პარლამენტს. ამავდროულად, სუნაკი გამოაცხადებს უკრაინის არმიის წვრთნის გაფართოებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს საბრძოლო თვითმფრინავების პილოტების და საზღვაო ქვეითების წვრთნას. მფრინავთა წვრთნა უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი სამომავლოდ შეძლებენ ნატოს სტანდარტის თვითმფრინავების მართვას - ვკითხულობთ განცხადებაში.
"ბრიტანეთში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს მისი ქვეყნის გამბედაობას, მიზანსწრაფვას და ბრძოლას. და ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ურყევ მეგობრობას", - სუნაკის ამ სიტყვებს მედია ავრცელებს.
ბრიტანეთი ასევე გამოაცხადებს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც "მოგებას ნახულობენ კრემლის ომის მანქანიდან".
ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყოველწლიური გამოსვლა კონგრესში, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარს დაუჭერს "მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება".
გასული წლის დეკემბერში ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და კონგრესს მიმართა.