მიუნხენში გაიმართა ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სამმხრივი შეხვედრა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკადის მოხსნა და ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის განხორციელება პრაღაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხური მხარე ესწრაფვის ისეთი შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მართლაც მოგვცემს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიას.
ამავე დროს ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს უკანონოდ აქვს ჩაკეტილი ლაჩინის დერეფანი, რის შედეგადაც მთიან ყარაბაღში დაიწყო ჰუმანიტარული, ეკოლოგიური და ენერგეტიკული კრიზისი.
აღინიშნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფის მნიშვნელობა,“ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.
„ვფიქრობ, რომ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლებოდა იმის კარგი მაგალითი გამხდარიყო, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, რომლებსაც სერიოზული, ისტორიული უთანხმოება ჰქონდათ, ერთად გადაფურცლონ მტრობასთან დაკავშირებული გვერდი,“ განაცხადა ილჰამ ალიევმა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ბაქო გამოვიდა წინადადებით, სომხეთთან საზღვარზე შეიქმნას საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ბლინკენის პირველი შეხვედრა იყო ოქტომბრის შემდეგ.
2020 წლის შემოდგომაზე მთლიანი ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა აღიდგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილზე და ავტონომიური რეგიონის 7 მიმდებარე რაიონზე. ლაჩინის დერეფანში, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, და ყარაბაღში მხარეების შეხების ხაზზე დისლოცირებული არიან რუსეთის სამშვიდობო ძალები.