ჰოლანდიის დაზვერვა: რუსეთი, შესაძლოა, დივერსიულ აქტებს ამზადებდეს ჩრდილოეთის ზღვაში
ჰოლანდიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დივერსიულ აქტებს ამზადებენ ჰოლანდიის ტერიტორიულ წყლებში - იუწყება სააგენტო როიტერსი. დივერსიული აქტები შესაძლოა მიმართული იყოს ჩრდილოეთის ზღვაში ჰოლანდიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ჰოლანდიის დაზვერვის ხელმძღვანელის, იან სვილენსის თქმით, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკული პარკის არეალში შემჩნეულ იქნა რუსეთის ხომალდი, რომელიც შეიმუშავებდა ქარის სადგურთა რუკას. ჰოლანდიის სანაპირო დაცვის გემებმა რუსეთის ხომალდი ჩრდილოეთის ზღვიდან გაიყვანეს.
სვილენსის თქმით, ბოლო თვეებში რუსეთის ძალები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჰოლანდიის ქარის ელექტროსადუგრების მიმართ, და ინტერესის ამგვარი ზრდა პირველად ხდება. დაზვერვის შეფასებით, ეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს მზადებაზე დივერსიებისთვის, რომელთა სამიზნეებიც შეიძლება გახდნენ ქარის სადგურები, გაზსადენები და ზღვაში მდებარე ინტერნეტის კაბელები.
18 თებერვალს ჰოლანდიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შეამცირებს რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობას ჰააგაში და მოითხოვს დაიხუროს ამსტერდამში განთავსებული რუსეთის ვაჭრობის წარმომადგენლობა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუკსტრა თვლის, რომ რუსეთი განაგრძობს მცდელობას თავისი დაზვერვის აგენტები ჩანერგოს ჰოლანდიაში, დიპლომატიური საფარველის ქვეშ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო რია ნოვოსტის უთხრა, რომ მოსკოვი უპასუხებს ჰოლანდიის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების რიცხვის შემცირების თაობაზე.