ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ წევრობა შეუჩერა რუსეთის ჟურნალისტებს
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ წევრობა შეუჩერა რუსეთის ჟურნალისტებს. გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნა მიღებული ფედერაციის რიგგარეშე სხდომაზე. წევრობის შეჩერების მთავარი მიზეზი გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის განყოფილებების გახსნა უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ოლქში. მანამდე საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისგან მათი დახურვა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დომინიკ პარდალიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მოქმედება არღვევს სოლიდარობის პრინციპს და განხეთქილებას თესავს პროფესიონალურ გარემოში. მანამდე ფინეთის, ნორვეგიის, დანიისა და ესპანეთის ჟურნალისტთა კავშირებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, დატოვონ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია, მათ შორის მასში რუსეთის წარმომადგენლების ყოფნის გამო. იანვრის ბოლოს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისთვის წევრობის შეჩერებისა და შემდგომ შეწყვეტის პროცედურა.
დომინიკ პანდალიმ აღნიშნა, რომ ფედერაცია გააგრძელებს რუსეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერას რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, ვლადიმირ სოლოვიოვმა, დაადასტურა, რომ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო წევრობის შეჩერების შესახებ შეტყობინება.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია 140 ქვეყნის მედიასაშუალებების 600 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ეს მედიასაშუალებების თანამშრომელთა ყველაზე დიდი ორგანიზაციაა მსოფლიოში.
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედის.