იმედა კახიანი: პუტინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს
“… ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც – შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა – არა!” – ამბობს მსახიობი იმედა კახიანი… იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას “კვირის პალიტრას” უზიარებს:
– სულ ვამბობ და ამ მთავრობის მიკვირს კიდეც, რომ ამბობენ, არჩევნები ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთო… უბრალო ხალხს ჯერ უნდა გაგვაგებინონ, რომელი კარგია, რომელი – ცუდი და მერე გვკითხონ არჩევანი… არ ვიცი, ბატონო, მე პოლიტიკა, ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. სოფელში გლეხს რა უნდა ჰკითხო, ხმა ვის მისცეს?! რუსეთი ჯობია, ევროპა თუ ამერიკა, ეს მეცნიერებმა, პოლიტოლოგებმა, ექსპერტებმა გაარკვიონ ჯერ და ჩვენც აგვიხსნან. მერე შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, ვისკენ გადაიხაროს…
– რუსეთის, პუტინის შესახებ ხომ მთელმა მსოფლიომ ვიცით?
– პუტინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც რუსეთზე ძალიან მკაცრსა და გამაღიზიანებელს არაფერს ამბობს… არ შეიძლება პუტინთან, რუსეთთან ომი! ჩვენ ჭკუა უნდა ვიხმაროთ და ისე მოვიქცეთ, როგორმე არც მწვადი დავწვათ და არც – შამფური. ახლა რომ გამოვცვივდეთ, ხანჯალი ავიღოთ და რუსს ვეტაკოთ, ეს არ შეიძლება! გენაცვალე, ხომ უნდა იცოდე, რა შეგიძლია და რა – არა!
მე არც რუსი მინდა, არც – ამერიკელი, ქართველი მინდა, ესაა ჩემი ოცნება და ყველა ქართველი, თავისუფლების მოყვარული, ოცნებობდა ნეიტრალური და დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქონოდა. თუმცა ვერასოდეს გავხდით და ამის საშუალებას არც ამიერიდან მოგვცემენ. ამ რეგიონში ვინც ძლიერი იყო, მას ჰქონდა ჩვენზე გავლენა და ბატონობდა… არავინ მინდა, მაგრამ პუტინს და რუსეთს აქედან არავინ წაიყვანს! ამიტომ, მათთან ომი არაფრით არ შეიძლება! როცა უნდა, რუსი მაშინ იპოვის მიზეზს, საქართველოში რომ შემოვიდეს. ორ საათში საქართველო აღარც იქნება!