მარია ზახაროვა: …ეს გულისხმობს ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარებას, უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი აფასებს ჩინეთის გეგმას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ და ღიაა იმისთვის, რომ უკრაინაში კრიზისი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარდეს.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების გულწრფელ სურვილს, წვლილი შეიტანონ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. ვიზიარებთ პეკინის შეხედულებებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ამასთან, მისი თქმით, ეს გეგმა უნდა გულისხმობდეს უკრაინაში „ახალი ტერიტორიული რეალობის“ აღიარებას.
„რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, რუსეთი ღიაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მისაღწევად. ეს გულისხმობს უკრაინაში დასავლური იარაღისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნის შეწყვეტას, საომარი მოქმედებების დასრულებას, უკრაინის დაბრუნებას ნეიტრალურ სტატუსში, ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარებას, უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას, ასევე მისი ტერიტორიიდან მომდინარე ყველა საფრთხის აღმოფხვრას“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ცნობისთვის, დღეს ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.