უკრაინელი სარდალი ჩავიდა ბახმუტში, სადაც ბრძოლები ქალაქის განაპირას მიმდინარეობს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, ბახმუტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებს ეწვია.
„რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ორიენტირებულია ბახმუტისა და მის შემოგარენზე. ბრძოლა მიმდინარეობს თავად ქალაქის გარშემო და მის შემოგარენში. ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ მოინახულა თავდაცვის ძალების ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც ქალაქს და მის მიდგომებს იცავს“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო ძალების ცნობაში, რომელსაც „უკრაინსკა პრავდა“ ეყრდნობა.
სირსკიმ შეამოწმა დაქვემდებარებული დანაყოფების მდგომარეობა, გაეცნო დანაყოფების მეთაურების პრობლემებს, გაესაუბრა სამხედროებს და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა გამორჩეული ჯარისკაცები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 70-მდე შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 27 საჰაერო დარტყმა და 75 შეტევა საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან. კიდევ ერთხელ დაზარალდა ქალაქები, სოფლები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მტრის სარაკეტო დარტყმების საფრთხის დონე მთელ უკრაინაში კვლავ მაღალია.