სერბეთი გლოვობს მასობრივი მკვლელობების მსხვერპლებს, იუწყებიან, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული
სერბეთის გამომძიებლების თქმით, დანაშაული აღიარა ბელგრადის არეალში მიმდინარე კვირაში მომხდარ მეორე მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა. თავდასხმისას თავის არეში დაჭრილი სკოლის მოწაფე გოგონა კვლავ სიკვდილს ებრძვის, ქვეყანაში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა თავდასხმების შედეგად დახოცილი და დაჭრილი 38 ადამიანის გამო.
6 მაისს დაკრძალეს თავდასხმების 10 მსხვერპლი - მათ შორის ოთხი მოსწავლე და დაცვის ერთი წევრი, რომლებიც ემსხვერპლნენ როგორც იუწყებიან არასრულწლოვანი მოსწავლის მიერ 3 მაისს სკოლაზე მიტანილ იერიშს, და კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ 4 მაისს მომხდარი კიდევ სხვა თავდასხმის შედეგად.
სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 6 მაისს გავრცელებული ცნობით, მეორე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, 21 წლის მამაკაცი ინიციალებით U.B., აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას თავდასხმაში, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, ნაწილობრივ განურჩეველი იერიში იყო ბელგრადის შემოგარენში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაიჭრა 14 პირი.
არასრულწლოვანმა ეჭვმიტანილმა, 13 წლის მოსწავლემ - რომელმაც ქვეყანაში სკოლის შენობაში პირველი მასობრივი მკვლელობა მოაწყო - გავრცელებული ცნობით გამოიყენა მამამისის კუთვნილი ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რითიც 3 მაისს იმსხვერპლა რვა მოსწავლე და დაცვის ერთი წევრი, დაიჭრა კიდევ ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება, ვრცელდება ცნობა, რომ დააკავეს მისი მშობლებიც.
პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები თავდასხმებს გამოეხმაურნენ დაპირებებით, რომ გაამკაცრებენ იარაღის ფლობის წესებს.