როგორც მოქალაქისთვის, სრულიად გასაგებია, რაც ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ მოხდა - იოსელიანი
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს მოქალაქეებმა გამოთქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის გამო. ამის შესახებ მან სტრასბურგში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
"როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს", - თქვა ლევან იოსელიანმა.
გუშინ, 20 მაისს ყვარლის ტბასთან სასტუმროს მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. ის თელავის სამხარეო პოლიციასთან მას შემდეგ დააკავეს, რომ ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
20 მაისს, ორბელიანის სასახლეში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".