ჯემალ შონია: ერთი სიტყვით, ხელი ხელს ბანს, მაგრამ დასაბანად სუფთა წყალი კი არა აქვთ, არამედ ტალახი და უზნეობის ჭუჭყი!
0
“მე არც ვინმეს ნამოქმედარზე ვარ ჩასაფრებული და არც რომელიმე პარტიის ჭუჭრუტანიდან ვამბობ ამას:
სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ უნდა აკონტროლოს ბიუჯეტის თითოეული ლარი, რომელიც იხარჯება მერიებისა და გამგეობების გადაწყვეტილებით, ან ვინ აწესებს ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებების საშტატო რაოდენობას, რომლის ხელფასები ისევ და ისევ ბიუჯეტიდან ფინანსდება, ან გვჭირდება თუ არა ამდენი ე. წ. სიპები და აიპები, რომელთა შტატები უზომოდ არის გაბერილი, ან ვინ უნდა ადევნოს თვალყური ტენდერების სამუშაოებისა და ბიუჯეტის თანხის სწორად გახარჯვის საკითხს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი და ჩემი თვალითაც ვხედავ, რომ უამრავი უსაქმური, უამრავი გაქნილი და თაღლითი, უამრავი არაპროფესიონალი და უფუნქციო ადამიანი ამ ხელისუფლებამ ნარკოტიკული წამალივით სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტზე “შესვა”, თანაც ისე, რომ ძალიან გულუხვად ურიგებს ხელფასებს პარაზიტად ქცეულ ადამიანებს, რომელთაც სანაცვლოდ ერთი რამ ევალებათ: არჩევნებზე ხმის მიცემა ხელისუფლების სასარგებლოდ!
ერთი სიტყვით, ხელი ხელს ბანს, მაგრამ დასაბანად სუფთა წყალი კი არა აქვთ, არამედ ტალახი და უზნეობის ჭუჭყი!
რას ვღებულობთ სანაცვლოდ?
1) საზოგადოების დეგრადირებასა და ზნეობრივ გარყვნას, რადგან სახლში წაღებული დაუმსახურებელი ხელფასით შენს სახელმწიფოს კი არ ემსახურები, არამედ მმართველი კლანის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას, ასეთი გზით დარჩენილი ხელისუფლება კი არც მორალურად, არც ფსიქოლოგიურად არ იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ;
2) დღეს არსებული სოციალური სიდუხჭირით მანიპულირებას, როდესაც უპირატესობა ენიჭება არა მოსახლეობის მხარდაჭერას ყოველგვარი დახარისხების გარეშე, არამედ იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მოქალაქეს არსებული ხელისუფლების მიმართ;
3) საზოგადოებაში არა სახელმწიფო აზროვნების განმტკიცებას, არამედ, პირიქით, კერძო, სუბიექტური, მერკანტილური, ეგოისტური და მტაცებლური ინტერესების წახალისებას, რომლის გამოც ქართველი ადამიანისთვის ზედმეტი ხდება მამულიშვილობის, ზოგადი ღირებულებების ცნებები, ანუ დღეს სახელმწიფო და მისი სატკივარი უკანა პლანზე გადადის და ნამდვილი პატრიოტიზმი ფსევდოპატრიოტიზმითაა ჩანაცვლებული.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ აქ შევჩერდები, ოღონდ დასკვნის სახით ერთს გეტყვით:
უამრავი მეგობარი მყავხართ როგორც ამ, “ოცნების”, ისე წინა ხელისუფლების მხრიდან და ჯერ თქვენ შეგეკითხებით: სად არის თქვენი შემართება და თავდადება, რითაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დაბრუნებისა და აღდგენისათვის იბრძოდით?!
უფიქრდებით თუ არა, რომ თქვენც კონფორმისტები, შემგუებლები გახდით იმ ვითარებისა, რომელიც სატანა შევარდნაძემ დააწესა ქვეყნის გაძარცვის ხარჯზე და რომლის აღზევებული კლანები და მათი მემკვიდრეები, წითელი ინტელიგენციისა და კრიმინალების ნაშიერები 32 წელია ყვლეფენ და სისხლს სწოვენ ხალხსა და ქვეყანას, რომ ისინი წარმართავენ სახელმწიფოს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურაში?..
ან იქნებ ეს პუტჩისშემდგომი და პუტჩისტთა მადიდებელი ხელისუფლებები თქვენთვის “ეროვნულია” მხოლოდ იმიტომ, რომ მათი წყალობით არსებობთ?
დასკვნა კი ის არის, რომ საზოგადოება ისევ თქვენ უნდა გააჯანსაღოთ მოჩვენებითი კეთილდღეობიდან თავის გამოხსნით, პირადი კომფორტის რაღაც ხარისხით დათმობით და სახელმწიფოს კეთილდღეობის წინ დაყენებით.
ნუ გავხდებით ბიუჯეტის წურბელები, გავხდეთ ბიუჯეტის ფუტკრები და საქართველოს ვუშველოთ!
წინ დავაყენოთ ეროვნული იდეა და არა მატერიალური სიკეთე, რომელიც ისედაც არამყარი, დროებითი და წარმავალია…” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პოეტი, პუბლიცისტი ჯემალ შონია.

