პუტინმა აკრძალა საერთაშორისო სასამართლოების დადგენილებების აღსრულება რუსეთში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მონაწილეობის გარეშე ქვეყანაში აღსრულებას აღარ ექვემდებარება იმ საერთაშორისო სასამართლოების დადგენილებები, რომლებიც სისხლის სამართლის სფეროში არიან აღჭურვილი უფლებამოსილებით.
გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ იმ საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები, რომელთა იურისდიქცია არ ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, არ აღსრულდება.
რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადიმირ გრუზდევმა, ადრე განმარტა, რომ ეს კანონი გამოყენებულ იქნება, მაგალითად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებზე. იურისტების თქმით, ICC-ის გადაწყვეტილებების გარდა შეზღუდვები დაწესდება უკრაინის პოტენციურ ტრიბუნალზეც.
2023 წლის მარტში ICC-მ გასცა დაპატიმრების ორდერი პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ. მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბავშვების დეპორტაციის ბრალდებებს.
12 დეკემბერს რუსეთის სასამართლომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და რვა მოსამართლეს დაუსწრებლად მიუსაჯა სამ-ნახევრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა უდანაშაულო პირის განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრის, უკანონო დაკავების, ასევე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებებით.
