ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი
პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 7 მაისს, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი სიტყვებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი უკვე პატიმრობაშია სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიგიორგი გვარაკიძის სიტყვებით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ ათასობით საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარა. მოწმის სახით გამოიკითხა 550 ადამიანზე მეტი.
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა იმჟამინდელმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი, დღეის მდგომარეობით, დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურად იძალადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
პროკურატურის მიხედვით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
"სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - თქვა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინზე.
ძალადობა დემონსტრაციებისასმასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.
დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას ამ დრომდე არავინ მიუცია.
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.
"ფორმულის" ჟურნალისტური გამოძიებადღეს, 7 მაისს, პროკურატურაში დისტანციურად გამოჰკითხეს ტელეკომპანია "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა. საქმე ეხებოდა ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, გამოავლინეს გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა.
ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია მანამდე საგამოძიებო უწყებას არხის ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმაც მიაწოდა.
თავდასხმა გურამ როგავაზეგურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.
გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.
ლევან ხაბეიშვილის ცემა2024 წლის 1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.
იმავე დღეს სცემეს კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.
ხელისუფლების პოზიცია სპეცრაზმელების იდენტიფიცირებაზე"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.
"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ შესაძლოა მომავალში მიეღოთ ზომები, რომლებითაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირება გაადვილება.

