საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი 4 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს - აუდიტი დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 4 ათას ლარიან ჯარიმას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატ რიმა ბერაძეს აკისრებს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, საკრებულოს წევრმა წინასაარჩევნოდ კანონი დაარღვია, როდესაც ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ერთად პედაგოგების უფასო სამედიცინო მომსახურება უზრუნველყო.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნას არ ენდობა საკრებულოს დეპუტატი. რიმა ბერაძის განცხადებით, მას პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევით კანონი არ დაურღვევია.
რიმა ბერაძის გარდა, აუდიტის სამსახურის დასკვნაში პაატა ბურჭულაძის და პატრიოტთა ალიანსის შემომწირველებიც მოხვდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ვაშალომიძის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმეზეც დაასრულა. თუმცა, ამ შემთხვევაში, უწყების მხრიდან საკითხის შესწავლა შეწყდა.
ვაშალომიძე მის წინასაარჩევნო დაპირებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.
