„სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი" - გიორგი კვირიკაშვილი
სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წამომადგენლების შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი არ ადასტურებს. პრემიერმინისტრი სომხეთის ელჩის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
„სომხეთი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, დანარჩენი ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკური განცხადებები ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსანის მიერ გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ოფიციალურ მიღებაზე სომხეთის პრეზიდენტისა და არაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ჩანს.
დამატებითი დეტალების გასარკევად კურიერი არაღიარებული ყარაბაღის საგარეო უწყებას დაუკავშირდა. მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალური განცხადება ყარაბაღში შეხვედრის თაობაზე არ გაუკეთებია. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ განმარტება სომხეთის ელჩმა სამინისტროსთან გააკეთა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან მოლაპარაკება არ დაადასტურა.
რეაგირების მოხდენას ყარაბაღში მომხდარ შეხვედრაზე ოპოზიცია ითხოვს. ექსპერტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წევრების ვიზიტი ქართული დიპლომატიის ჩავარდნად შეაფასეს ყარაბაღში.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ანუკა ელიზბარაშვილი, დავით კაკულია, მარიამ ჭოხონელიძე
