საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების ნაწილმა გასაუბრების მეორე ეტაპი გაიარა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის სამმა კანდიდატმა დღეს მეორე ტურის გასაუბრება გაიარა. ზაალ ანჯაფარიძემ, თიკო ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა სამეურვეო საბჭოს საკუთარი პროგრამები პირდაპირ ეთერში გააცნეს და ბორდის წევრების კითხვებს უპასუხეს.
დარჩენილი ორი კანდიდატის - ვასილ მაღლაფერიძის და ნინო ზაუტაშვილის გასაუბრება ხვალ ჩატარდება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამბედაობას მოითხოვს. მისი თქმით, თუ ადამიანს უნდა მოექცეს ვინმეს გავლენის ქვეშ, მოექცევა და საჯაროდ ამას არ აღიარებს.
სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა შეეხებოდა პოლიტიკური გავლენის მცდელობის შემთხვევაში, როგორ დაიცავდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და, ვფიქრობთ, რომ ამას ვასრულებთ. იქ იყო სხვადასხვა მიმართულებით შეკითხვები, მათ შორის, პოლიტიკური თვალსაზრისით რა შეხედულებები აქვთ კანდიდატებს,“ - აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე.
საბოლოო გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო 6 იანვარს გამოაცხადებს.
