"ეს ანგარიში უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის ყურადსაღები ინფორმაცია"- საია-ს წარმომადგენელი HRW-ის ანგარიშზე საუბრობს
Human Rights Watch საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წამებისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების თავში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციას ეყრდნობა. საია-ს წარმომადგენელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში დამატებითი განმარტებები გააკეთა.
ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, გასულ წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მის წარმოებაში არსებული 21 საქმე გაანალიზა და შეაჯამა, რომელიც ეხება სამართალდამცავთა წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს, მაგალითად გამოძიების პროცესში მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების მოხდენა, ბრალდებულების მიერ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების იძულების წესით მიცემა და ა.შ.
„ამ საქმეებიდან, რომელზეც იდგა არაეფექტური გამოძიების საკითხი, არცერთ შემთხვევაში არ შეგვიფასებია გამოძიება, როგორც ეფექტური. ძირითადად პრობლემები ეხება გაჭიანურებულ გამოძიებებს,“- განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.
ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, ეს ანგარიში უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის ყურადსაღები ინფორმაცია.
