"ენმ"-ში თავმჯდომარის პოსტი კვლავ ვაკანტურია, "ევროპულ საქართველოში" კი ამ პოსტს დავით ბაქრაძე ჩაიბარებს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის ერთ გუნდს აძლევდა ხმას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს გუნდი ფორმალურად ორი პარტიისგან შედგებოდა. ახლა კი ეს ფორმალობა რეალობად იქცა, ამიერიდან პარლამენტში გვერდი-გვერდ ისხდებიან ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.
პარტიის მმართველობის სტრატეგიაში ცვლილებების შესახებ, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 20 იანვარს გამოაცხადეს. რიგით მე-7 ყრილობა, 15 წლიანი ისტორიის პარტიისთვის, ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პერიოდს დაემთხვა. სწორედ ამ დღეს, პარტიიდან წასულებისთვის კარი საბოლოოდ დაიხურა და თანამოაზრეებისთვის გაიხსნა.
მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის პოსტს, საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ვერ დაიკავებს და ეს ადგილი, მისი პოლიტიკური დევნილობის დასრულებამდე ვაკანტური იქნება.
პოლიტიკური გაყრის შემდეგაც, პარტიიდან წასულების და დარჩენილების ბრძოლის გაცხადებული მიზანი უცვლელია - ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ყოფილი თანაგუნდელები უკვე სხვადასხვა პარტიიდან დაუპირისპირდებიან. ყოფილ თანამებრძოლებს, პოლიტიკური თანხვედრა, ქვეყნის საგარეო კურსის მიმართულებითაც მოუწევთ.
პარტიული თანამოაზრეების და ახალი ოფისების შერჩევაში, დედაქალაქის ყოფილი მერი, მერობის სავარაუდო კანდიდატთან ერთად უკვე ჩაერთო. პარტიული თანამდებობები, პარტიის სახელი და სხვა დეტალები, სავარაუდოდ მარტში დაგეგმილ ყრილობაზე გადანაწილდება. პარტიის თავმჯდომარის პოსტს, დავით ბაქრაძე ჩაიბარებს.
ორშაბათიდან ყოფილი პარტნიორები, სხვადასხვა ფრაქციად უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდებიან და ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ერთად მოპოვებულ საპარლამენტო ადგილებს, ახალი პროპორციით გადაინაწილებენ.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.
