პარლამენტში ახალი ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს
ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს. ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება მედიას და თანაპარტიელებს დღეს ნიკა მელიამ გააცნო.
ლიდერების დიდი ნაწილის წასვლასთან ერთად პარტია უმცირესობის სტატუსს კარგავს. ნაციონალური მოძრაობის სახელით კი პარლამენტში ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა.
საპარლამენტო ჯგუფის გაფორმების შემდეგ პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის მდივნის პოსტს თინა ბოკუჩავა ჩაიბარებს, რომელიც ახლა ბრიუსელში და ევროპარლემენტში შეხვედრებს მართავს.
გადაადგილებები არ არის გამორიცხული ნაციონალური მოძრაობიდან გასულ ფრაქციებს შორის. შესაძლოა, შიდა გადანაწილება ევროპული საქართველოსა და ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის ჯგუფების შემადგენლობაშიც მოხდეს.
ახალი ფრაქციის შექმნის პარალელურად საპარლამენტო თანამდებობიც უნდა გადაიხედოს. ოპოზიციური ქვოტა ნაციონალურ მოძრაობის გაყოფის შემდეგ კომიტეტებსა და საერთაშორისო დელეგაციებშიც თავიდან უნდა გადანაწილდეს. ახალ ფრაქციას ვიცე-სპიკერის ადგილიც ეკუთვნის, ამ პოსტზე პარტია სავარაუდოდ სალომე სამადაშვილს წარადგენს.
ავტორი: ნათია გოგსაძე.
