საქართველოს პრეზიდენტი ცვლის ზოგიერთი დანაშაულისთვის შეწყალების წესს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება - ამის შესახებ 1 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ. მისი განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს თხოვნა იმ მსჯავრდებულებისა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოდანაშაული, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის და შემოტანა-ტრანზიტისა. ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ არსებითად უნდა განიხილოს 381-ე მუხლით გასამართლებულ პირთა თხოვნაც, რომლებსაც სასჯელი დაეკისრათ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე. კომისიამ ასეთივე წესით უნდა განიხილოს შეწყალების თხოვნა იმ პირისა, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაული. ამასთან, დანაშაული ჩადენილი არ უნდა იყოს ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა.