პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან გაფორმებული შეთანხმებების რატიფიცირებულ ვარიანტს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლას რუსეთის არმიის შემადგენლობაში. ინფორმაცია 5 თებერვალს, საღამოს, გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე. რუსეთის ქმედებას საქართველოს ხელისუფლება აფასებს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად და საერთაშორისო სამართლის ხელყოფად. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მსგავსი შეთანხების გაფორმება საქართველოს ხელისუფლების გარდა, დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მა. 5 თებერვალს, საღამოს, კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ. ამ "შეთანხმებით," რუსეთი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ცალკეულ კატეგორიას.