პუტინი რეგისტრირებულია რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად 18 მარტის არჩევნებისათვის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად 18 მარტის არჩევნებისათვის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის 6 თებერვალს გაატარა რეგისტრაციაში - ზუსტად ორ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა გამოაცხადა საკუთარი კანდიდატურის მეოთხე ვადით წამოყენების სურვილზე. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, რომელიც რუსეთის მოსახლეობაში პუტინის პოპულარობასა და ხელისუფლების ყველა შტოზე კონტროლს ეყრდნობა, ის იოლად გაიმარჯვებს. რუსეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტს ეკრძალება ამ პოსტზე ზედიზედ ორ ვადაზე უფრო მეტი ხნით დარჩენა. ოპონენტები პუტინს - კაგებეს ყოფილ ოფიცერს - ადანაშაულებენ საბჭოთა პერიოდის მეთოდების გამოყენებაში ოპოზიციის გასაჩუმებლად, მას აკრიტიკებენ დასავლეთთან კონფრონტაციის გამოც. პირველად ის 2000 წლის მარტში იქნა არჩეული პრეზიდენტად - მას შემდეგ, რაც 1999 წლის ბოლო დღეს გადადგა მისი წინამორბედი, ბორის ელცინი და პუტინი დანიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. პუტინის სახით სამამდე გაიზარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარიგისტრირებული კანდიდატების სია: დანარჩენი ორი არიან ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი და კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი პაველ გრუდინინი. კანდიდატად რეგისტრაციის სურვილს გამოთქვამენ აგრეთვე ლიბერალი პოლიტიკოსი გრიგორი იავლინსკი, ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ყველაზე ცნობილ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პუტინის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის.