გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო განცხადებით ეპასუხა სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის
აშშ-ისა და რუსეთის უთანხმოების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო განცხადების მიღება, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ახალი, სავარაუდო ფაქტების შესახებ. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ 5 თებერვალს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ იანვარში, სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის პროვინციაში ქლორის გამოყენებას ემსხვერპლა ათობით ადამიანი. ნიკი ჰეილის თქმით, არსებობს მონაცემები, რომ ასადის მთავრობამ თავისი ხალხის წინააღმდეგ ქლორი გამოიყენა რამდენიმე დღის წინაც. აშშ-მა მოითხოვა, რომ უშიშროების საბჭოს დაეგმო სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აშშ დაადანაშაულა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის წინააღმდეგ გაუმართლებელ, პროპაგანდისტულ კამპანიაში, რადგან რუსი დიპლომატის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ნებენზიამ უშიშროების საბჭოს შესთავაზა ალტერნატიული განცხადების პროექტი, რომლითაც გაეროს უნდა მოეთხოვა სანდო გამოძიების ჩატარება. ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა აშშ-მა.