საია: დაგროვებითი საპენსიო სქემა არაკონსტიტუციურია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული პაკეტის მიხედვით, ე.წ. სოციალური პენსიის პარალელურად იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა. მისი ფინანსური უზრუნველყოფა დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები bშეისწავლა. საიას აზრით, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტები დაასკვნიან, რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, საპენსიო შენატანები გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან. ხოლო, „თავისუფლების აქტის“ მიხედვით, გადასახადის ახალი სახის შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.