ჰოლანდიის ლიდერმა შეინარჩუნა პარლამენტის ნდობა, მისი მინისტრის მიერ რუსეთის შესახებ სიცრუის თქმის შემდეგ
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე შეინარჩუნა ნდობა, მას შემდეგ, რაც გადადგა მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღიარა, რომ ტყუილი თქვა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან ერთად შეხვედრაზე ყოფნის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰალბე ზეილსტრა 13 თებერვალს გადადგა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინაშე აღიარა, რომ ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ 2006 წელს პირადად მოისმინა პუტინის სიტყვები ევროპაში რუსეთის გაფართოების მიზნების შესახებ. ოპოზიციურმა დეპუტატებმა, რომლებიც ძალიან გააბრაზა ზეილსტრას სიცრუემ, პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყეს, თუმცა ის პარლამენტმა დიდი უპირატესობით, 101:43-ით უარყო. დეპუტატთა კითხვების პასუხად, რუტემ ახსნა, რატომ არ შეატყობინა პარლამენტს კენჭისყრამდე მინისტრის სიცრუის შესახებ. "არ მეგონა ეს საქმე ამგვარ პოლიტიკურ დატვირთვას თუ შეიძენდა. ამ ტყუილის მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შევაფასეო", განაცხადა მან. რუტე მანამდე იცავდა ზეილისტრას და აცხადებდა, რომ რუსეთის ექსპანსიონიზმის შესახებ მისი გაფრთხილებები რეალობას ირეკლავდა. "თუ დააკვირდებით, რა გააკეთა რუსეთმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რა პოლიტიკას ატარებდა ის, იტყვით, რომ მისი მიზანი ექსპანსიაა", განაცხადა რუტემ და ამის მაგალითად მოიტანა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება და სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში.