რუსეთში დაიწყეს ნავალნის ინტერნეტრესურსების დაბლოკვა
რუსეთში "როსკომნადზორის" უწყებამ დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რესურსების დაბლოკვა, გაუქმდა წვდომა მის ბლოგთან, სადაც გამოქვეყნებული იყო ტექსტური ვერსია გამოძიებისა, რომელიც ეხებოდა რუსეთის ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოს და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას. ნავალნიმ 8 თებერვალს გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, რომლებიც მიუთითებს პრიხოდკოს შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციაში. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ პრიხოდკო 2016 წლის ზაფხულში დერიპასკას იახტით ცურავდა და მასთან განიხილავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის საკითხს. ეს ცნობილი გახდა იახტაზე მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის, ნასტია რიბკას მეშვეობით. კრასნოდარის მხარის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე "როსკომნადზორმა" ნავალნის მოსთხოვა საიტიდან აეღო პრიხოდკოსა და დერიპასკას შესახებ მასალები. სასამართლომ ნავალნის გამოძიების ვიდეოჩანაწერი და ბლოგი შეიტანა აკრძალული საიტების სიაში, დერიპასკის მხრიდან ნასტია რიბკას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე. საკუთრივ ამ სარჩელის განხილვა, როგორც იუწყებიან, მხოლოდ 1 მარტს დაიწყება. "როსკომნადზორის" მოთხოვნის საფუძველზე, ინსტაგრამმა 14-დან 15 თებერვლის ღამეს წაშალა ნასტია რიბკას პოსტები დერიპასკას შესახებ. ნავალნიმ 13 თებერვალს "როსკომნადზორს" სასამართლოში უჩივლა.