პოროშენკომ ჩვენება მისცა იანუკოვიჩის პროცესზე
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ვიდეოჩართვის მეშვეობით ჩვენება მისცა მისი გადაყენებული წინამორბედის, ვიქტორ იანუკოვიჩის პროცესზე კიევში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვიდეოჩართვის ორგანიზება დაავალა მოსამართლე ვლადისლავ დევიატკომ ობოლონის სამხარეო სასამართლოდან, სადაც პროცესი მიმდინარეობს. მანამდე პოროშენკომ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებდა პროცესში, რომელზეც სამშობლოს ღალატისთვის დაუსწრებლად ასამართლებენ იანუკოვიჩს - პრომოსკოვურად განწყობილ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საპროტესტო ტალღის შედეგად გადადგა და თავი რუსეთს შეაფარა ოთხი წლის წინ. "ბოროტება უნდა დაისაჯოს. ამიტომაც, უკრაინის ისტორიაში პირველად, მე გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა პროცესში" - განაცხადა პოროშენკომ 18 თებერვალს. "ევრომაიდნის" სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში მოიყარეს თავი მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ სამომავლოდ გადადებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და ამის ნაცვლად რუსეთთან გააღრმავებდა ეკონომიკურ კავშირებს. უკრაინის პროკურორების ინფორმაციით, 104 ადამიანი დაიღუპა და 2500 დაშავდა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მაშინ მიმდინარე აქციებში.