ერგნეთში საპროტესტო აქციას მართავს სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“
ამ წუთებში ერგნეთში აქციას მართავს სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“.
ისინი ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას აპროტესტებენ და საოკუპაციო ძალებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მათთან მიემართებიან დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც აქციას შეუერთდებიან. დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს უარი უთხრა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე.
„რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი მეომრის-არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფებით ერგნეთში. ვინც ფიქრობთ, რომ უნდა შემოგვიერთდეთ, გელოდებით!!!“ - ნათქვამია „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას მიერ გავცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცხინვალში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ტატუნაშვილი არ მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.