რუსეთში დემონსტრაციებით მიაგეს პატივი მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას
რუსეთის ქალაქებში დემონსტრაციებით მიაგეს პატივი მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და ყოფილი ვიცე-პრემიერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას. 27 თებერვალს სამი წელიწადი შესრულდება ნემცოვის მკვლელობიდან, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა რუსეთში კრემლთან დაპირისპირების თანმდევი საფრთხე. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი, ნემცოვი, მოსკოვში, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს. მოსკოვის ცენტრში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "დემოკრატია ნიშნავს უფლებას გაყარო მთავრობა" და "მე ვეწინააღმდეგები ყირიმის ანექსირებას", რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო. დემონსტრანტთა ერთ ჯგუფს ეჭირა ბანერი წარწერით "შურისძიება გარდაუვალია: ჩვენ არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ". დემონსტრანტთა ნაწილი სკანდირებდა ლოზუნგებს "პუტინი ქურდია" და "ჩვენ ვართ ბორის ნემცოვი".