ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები აშშ-ს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად
3 აპრილს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ლიტვის, ესტონეთის და ლატვიის პრეზიდენტებთან, დალია გრიბაუსკაიტესთან, კერსტი კალიულაიდსა და რაიმონდს ვეიონისთან. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, მეტი გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად და ამ მიზნით გააძლიეროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა. ლიტვის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა სააგენტო ფრანს-პრესს აცნობა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები დონალდ ტრამპს თხოვენ, სამხედრო სწავლებებისთვის რეგიონში ხშირად გაგზავნოს ამერიკული სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი. „იმედი მაქვს, რომ აშშ-ს და სხვა მოკავშირეებს ესმით, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა საჰაერო სივრცე უკეთ დაცული უნდა იყოს“ - განაცხადა აშშ-ში ვიზიტის წინ, ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის სამივე ქვეყანაში მუდმივად იმყოფებოდნენ ამერიკელი სამხედროები. რუსეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის გამო, 2017 წელს ნატომ 4 მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. 2017 წლის ივლისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა არ გამორიცხა ესტონეთის ტერიტორიაზე ამერიკული სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის განთავსების შესაძლებლობა.