ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 222-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პორტში გემი ვერ შევიდა, თანამშრომელთა ნაწილის გადაწყვეტილების მიზეზით, რომლებმაც მცირე ზომის ხომალდით, ხელოვნურად ჩახერგა ზღვით შესასვლელი. პორტის გაფიცული თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს მოშიმშილეებს.
"ნავსადგურის ფლოტის მცურავი ერთეულის კაპიტნებმა სოლიდარობა გამოხატეს. ეს არის ნავსადგურის თანამშრომლების საერთო პროტესტი. გემის გაყვანა, შემოყვანა, დაცლა და დატვირთვა შეუძლებელია, რადგან ნავსადგურის თანამშრომლებმა უარი თქვეს მუშაობაზე და აქციას შეუერთდნენ, პორტის საქმიანობა კი შეჩერებულია“, - აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე.
პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. 3 აპრილის მდგომარეობით, ნავსადგურის რვა თანამშრომელი შიმშილობს. მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა პორტის თანამშრომელთა უმრავლესობამ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი“.