რამდენიმე ქვეყანა მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს
საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, პოლონეთი და სლოვენია მიესალმნენ საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანია აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ამის შესახებ ცნობები ქართულ მედიაში გავრცელდა ამ ქვეყნების საგარეო უწყებების განცხადებებზე დაყრდნობით. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. კერძოდ საქართველოს მთავრობას სურს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, თბილისი გამოდის ინიციატივით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის შეიქმნას იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობები, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე გამარტივდება დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემა და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენა.