დასავლელი მოკავშირეები: ასადმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან უნდა ითანამშრომლოს
აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სთავაზობენ სირიის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ფრანსპრესმა, 15 აპრილს. საფრანგეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტი ითვალისწინებს „დამოუკიდებელი მექანიზმის“ შექმნას იმისათვის, რომ გამოიძიონ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიის ქალაქ დუმაში. ამავე ცნობით, პროექტი შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ბაშარ ასადისადმი, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციის სპეციალისტები ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარს იკვლევენ. აშშ და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ იქ ქიმიური იარაღი გამოიყენა სირიის მთავრობამ, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. დოკუმენტში ასადს მოუწოდებენ აგრეთვე დაიწყოს წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკება მეამბოხეებთან. იქვე აღნიშნულია ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობა.