პუტინი: სირიაზე ახალი საჰაერო დარტყმა „ქაოსს“ გამოიწვევს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დამატებითი დარტყმა სირიაზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში“. პუტინმა ეს განაცხადა 15 აპრილს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბრისას. ცნობა ამის თაობაზე კრემლმა გაავრცელა. მოსკოვის თანახმად, ორივე პრეზიდენტის აზრით, აშშ-ის მეთაურობით 14 აპრილს სირიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მან სერიოზული ზიანი მიაყენა სირიაში პოლიტიკური მოგვარების შესაძლებლობას. საჰაერო იერიში სირიაზე პასუხი იყო სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე ქალაქ დუმაში. გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ დარტყმა „გამართლებული, კანონიერი და შესაბამისი“ იყო. საჰაერო დარტყმების ტალღა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თავდასხმა იყო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სირაზე სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.