სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი: ალეპოსთან აფეთქება მოხდა
სირიის ჩრდილოეთში აფეთქება მოხდა არეალში, სადაც ამ ქვეყნის მთავრობის მომხრე ირანელი მებრძოლები და მოკავშირე შიიტთა რაზმებს აქვთ ბაზა, იტყობინება სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელიც ბრიტანეთშია დაფუძნებული. მისი ცნობით, არაა სრულად ცხადი, რამ გამოიწვია 14 აპრილის აფეთქება, საჰაერო თავდასხმამ, თუ სხვა ინციდენტმა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, რამი აბდელ რაჰმანმა, თქვა, რომ ალეპოს ამ არეალში სირის მთავრობის მხარდამჭერი ირანელი და ავღანელი მეომრები იმყოფებიან. აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, 14 აპრილის დილით, საჰაერო იერიშები განახორციელა სირიის წინააღმდეგ. თავდასხმა პასუხია სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, რასაც გასულ კვირაში, რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, პენტაგონმა განაცხადა, რომ ახალი დარტყმები დაგეგმილი არ იყო ოპერაციის ჩარჩოებში. ისრაელმა, რომელიც აშშ-ის მეთაურობით მოწყობილ დარტყმებში არ მონაწილეობდა, ცალმხრივად გაახორციელა არაერთი საჰაერო თავდასხმა სირიაზე.