დიდი ბრიტანეთი: დოუმაში შემოწმების ჩასატარებლად არ უშვებენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს
ქიმიური იარაღის ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ ჯერჯერობით არ უშვებენ სირიის ქალაქ დოუმაში, იმ ადგილებში, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, ქიმიური იარაღით მოხდა თავდასხმა - ამ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის დელეგაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW). დამასკთან ახლოს მდებარე დოუმაში 7 აპრილს მოხდა თავდასხმა, რომლის შედეგად დაღუპულ 43 ადამიანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აღენიშნებოდა ტოქსიკური ქიმიკატებით მოწამვლის ნიშნები. 14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის მთავრობის ობიექტების წინააღმდეგ საპასუხო საჰაერო დარტყმა განახორციელეს. OPCW-ის ექსპერტები სირიაში ჩავიდნენ, რათა შეისწავლონ ცნობები დოუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. 16 აპრილს ჰააგაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა, რომელზეც შეაფასეს შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ბრიტანეთის დელეგაციის განცხადებით,- რომელიც შემდეგ ტვიტერითაც გავრცელდა, რუსეთს და სირიას ჯერ არ მიუციათ ექსპერტებისთვის დოუმაში მუშაობის საშუალება. "შეუფერხებელი წვდომა აუცილებელია" - წერია განცხადებაში და იქვე გამოთქმულია მოწოდება, რომ რუსეთმა და სირიამ უნდა ითანამშრომლონ ორგანიზაციასთან. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარმა სამხედრო მხარდამჭერმა, რუსეთმა განცხადა, რომ ადგილზე ექსპერტების დაშვება დასავლეთის მიერ განხორციელებული საპასუხო საჰაერო დარტყმების გამო გაჭიანურდა.