აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას მიაწოდა ჯაველინის ტიპის სისტემა
აშშ-მა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიწოდება - ნაბიჯი, რომელსაც კიევი მიესალმება და რომელიც დიდი ალბათობით მოსკოვის გულისწყრომას გამოიწვევს იმ კონფლიქტის ფონზე, რომელშიც ერთმანეთს უკვე ოთხი წელია ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები და უკრაინის ეროვნული არმია. "მიწოდების აქტი უკვე შედგაო", უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას 30 აპრილს შესაბამისი შინაარსის კითხვაზე პასუხად. ამ სისტემის მიწოდება გააძლიერებს კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობის შთაბეჭდილებას და უკრაინისთვის იქნება სულ მცირე სიმბოლური გამარჯვება, იმ თვალსაზრისით, რომ ის მიმდინარე კონფლიქტში დასავლეთის მხარდაჭერას ინარჩუნებს. ვაშინგტონში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვავე დებატები, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თუმცა დეკემბერში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვა. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მოსკოვიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს ომის წახალისებაში დასდო ბრალი.