ნეთანიაჰუ: გვაქვს მტკიცებულება, რომ ირანი ცდილობდა ბირთვული იარაღის მოპოვებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისმა ქვეყანამ მოიპოვა ათი ათასობით დოკუმენტი, რომელიც მოიცავს "დამადანაშაულებელ" ინფორმაციას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის მტკიცებულებას, რომ თეირანი ცდილობდა ატომური იარაღის მოპოვებას. 30 აპრილს თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მისი ბირთვული პროგრამის შესაკვეცი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ირანმა დამალა თავისი ბირთვული პროგრამის ფარგლებში გადაგმული ნაბიჯები, მათ შორის ინფორმაცია გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა "ბალისტიკურ რაკეტაზე მოსათავსებელი ჰიროსიმის ხუთი ბომბის" ეკვივალენტის შექმნასო. "ირანმა ძალიან მაღალ დონეზე დაგეგმა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის გაგრძელება", განაცხადა ნეთანიაჰუმ. ირანი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მთლიანად მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა და უარყოფდა ატომური იარაღის შექმნისკენ მისწრაფებას. ნეთანიაჰუს თქმით, 2015 წლის ხელშეკრულება "ტყუილებს ეფუძნებოდა". საერთო ანგარიშით, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა მოიპოვა 55,000-მდე დოკუმენტის ასლი ირანის არქივიდან. მან ასევე აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ასახავს აქამდე უცნობ ბირთვულ ობიექტს ირანში. ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ ისრაელმა ეს ინფორმაცია აშშ-ს გაუზიარა. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA პასუხად წერს, რომ ნეთანიაჰუ "ცნობილია თავისი აბსურდული შოუებით", ნახევრადოფიციალური სააგენტო Fars-ი კი მის პრესკონფერენციას უწოდებს "პროპაგანდისტულ შოუს".