წულუკიანი: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო ომი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ჰააგის და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოების წინაშე ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო. „ჩვენ ქართველთა ეთნიკური წმენდის, ასევე, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის საქმეებზე, გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერების“ და ომის სხვა დანაშაულზე 2013 წლიდან მოგროვებული 700 მტკიცებულების საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა და რომ ოკუპაცია დღესაც მიმდინარეა და ფართოვდება არეალი, რომელსაც რუსული ტანკი იკავებს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი იმყოფებოდა სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც 2008 წლის ომით დაზარალებულ ქალებს შეხვდა და გააცნო ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთთან საერთაშორისო დავა ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებში.