30-მდე ადამიანი დაიღუპა იტალიაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად
იტალიელი ოფიციალური პირების ცნობით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის დროს საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად. ხიდზე მყოფი ავტომანქანები 45 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ მიწაზე. იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ დაიღუპა 30-მდე ადამიანი და არიან მძიმედ დაშავებულები. ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენუასთან მდებარე მორანდის ხიდის დიდი ნაწილი 14 აგვისტოს, დღისით ჩაინგრა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის უფროსის, ანჯელო ბორელის ინფორმაციით, დაღუპულები არიან პირები, ვინც ხიდიდან გადავარდნილ ავტომანქანებში იჯდა. მეხანძრეების განცხადებით, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელი მომხდარს „უზარმაზარი ტრაგედია“ უწოდა.