მერკელმა და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს დონბასსა და სენცოვზე
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში და ვითარებაზე რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გარშემო. ამის შესახებ ნათქვამია პოროშენკოს ადმინისტრაციის საიტზე. საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთში დაკავებული იმ უკრაინელი მოქალაქეების მდგომარეობას, რომელთაც კიევი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. პოროშენკომ კვლავ დააყენა სენცოვის გათავისუფლების საკითხი. რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს 20 წლით პატიმრობა ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით, რომელსაც ის გადაჭრით უარყოფს. 14 მაისს სენცოვმა შიმშილობა გამოაცხადა რუსეთის ციხეებიდან უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ „ბოლომდე“ იშიმშილებს. 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კრემლმა სენცოვის დედას უარი უთხრა შვილის შეწყალებაზე.