დავით ბაქრაძე ემიგრანტებს დახმარებას ჰპირდება
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები უჩივიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი ერთადერათი საარსებო წყაროა უცხოეთიდან მიღებული თანხა, რომელსაც მათ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრები უგზავნიან. წყნეთელების თქმით, საზღვარგარეთ მუშაობა რთულია და პრობლემებს ქმნის იქ ცხოვრებისა და მუშაობის ლეგალური სტატუსის არქონა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ითვალისწინებს დახმარებას ემიგრანტებისთვისაც, რათა შესაძლებელი გახდეს ლეგალურად დასაქმება და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესება.
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ჩვენი ემიგრანტების დახმარება, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან: შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას დეპორტაციისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ დღეს უცხოეთში მყოფ ქართველებს, გავაუმჯობესოთ მათი პირობები, გავაუმჯობესოთ მათი ოჯახების პირობები და ამ ყველაფრის შედეგად ადამიანებს მოვცეთ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა და შესაძლებლობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.