შს სამინისტრომ 200 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი გაანადგურა
განადგურებულია სისხლის სამართლის 700 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე” თითქმის 5,5 მილიონ ლარს შეადგენს, - იტყობინება შს სამინისტრო. უწყების ცნობით, ეტაპობრივად განადგურდა სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: „4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 13929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი 2 080 აბი, 1047 აბი „მდმა“, 1154 გრამი „მორფინი“, 74 გრამი „მეტადონი“ და ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.“ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის საფუძველზე, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ანადგურებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკები ნადგურდება მაღალტემპერატურულ ღუმელში, რომელსაც გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი ფილტრაციის სისტემები აქვს.