უკრაინა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
კიევის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმზე ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დაბეჯითებით მოითხოვს ქვეყნის კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის სწრაფვის ასახვას.
„იურისტებმა მონახეს ფორმულა, როგორ შეიძლება ამის გაკეთება სწრაფად და ოპტიმალურად“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ შესაბამის კანონპროექტს უმაღლეს რადას 4 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის გახსნამდე წარუდგენს.
„ახალი არმიის მარშში“, სამხედრო აღლუმში , რომელიც კრეშატნიკზე, კიევის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა 4500-მა ჯარისკაცმა მიიღო. მათ შორის პირველად იყო ქალი სამხედრო მოსამსახურეების დანაყოფიც. აღლუმზე გაიყვანეს 250 ერთეული სამხედრო ტექნიკა. აღლუმზე წარდგენილი იყო არა მარტო მოქმედი ტექნიკა, არამედ თვითმავალი საარტილერიო დანადგარის „ბოგდანის“ გაუმჯობესებული მოდელი და უახლესი ფრთოსანი რაკეტები. პირველად ბოლო წლების განმავლობაში აღლუმში მონაწილეობდა სამხედრო ავიაციაც.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებში 18 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კიევში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.
უკრაინამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. სახელმწიფო დღესასწაულად თარიღი გამოცხადდა 1992 წლის ივნისიდან, როდესაც უმაღლესმა რადამ 24 აგვისტო დამოუკიდებლობის დღედ დაადგინა.