გერმანიის კანცლერმა საქართველო დატოვა
დასრულდა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში გერმანიის კანცლერი საქართველოდან სომხეთში, ერევანში გაფრინდა. 25 აგვისტოს კი იგი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ესტუმრება.
საქართველოს ანგელა მერკელი 23 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრების შემდეგ, იგი ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებსაც შეხვდა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და საოკუპაციო ხაზთანაც მივიდა. თბილისის დატოვების წინ გერმანიის კანცლერი „ღირსეული პარტნიორობის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.
ანგელა მერკელი თბილისიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცილა.