პოროშენკო: უკრაინამ ყველა კავშირი გაწყვიტა რუსეთის იმპერიასთან
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა კიევში სამხედრო აღლუმზე გაკეთებული განცხადებით, რომ მისმა ქვეყანამ "ყველა კავშირი გაწყვიტა რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან". ამასთან, პოროშენკოს აზრით, უკრაინამ კავშირი უნდა გაწყვიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რომელიც "ლოცავს" რუსეთის ჰიბრიდულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. "ჩვენი თაობის მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი დამოუკიდებლობა გახდეს შეუქცევადი, უკრაინა გადაიქცეს ძლიერ და დიად ქვეყნად, რუსეთის გავლენის ზონაში დაბრუნების შანსის გარეშე" - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყოფა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან "ისეთივე მნიშვნელობის საკითხია, როგორებიცაა ჩვენი არმიის გაძლიერება, ჩვენი ენის დაცვა და ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად". პრეზიდენტის თქმით, ეს არის ნაწილი უკრაინის "ისტორიული გზისა, დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი". აღლუმში მონაწილეობა მიიღეს 4500-მდე ჯარისკაცმა, 250-მა სამხედრო მანქანამ და 300 უცხოელი სამხედროსგან შემდგარმა 18-მა დელეგაციამ, მათ შორის უკრაინის არმიაში მომსახურე ქალებმა.