აშშ დაფინანსებას შეუმცირებს გაეროს
აშშ გაეროს დაფინანსებას შეამცირებს იმ თანხით, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების საბჭოს ხარჯებისთვის. ამის შესახებ ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი გაეროს საერთო ბიუჯეტის 22%-ს იხდის და ორგანიზაციის ერთ-ერთი „დონორია“. აშშ გაარკვევს, მისი წლიური გადასახადის რა ნაწილი მიდის ადამიანის უფლებების საბჭოსა და ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უზენაესი კომისრის უწყების დაფინანსებაზე და სწორედ ამ თანხით შეამცირებს გაეროს დაფინანსებას. აშშ-მა 20 ივნისს დატოვა ადამიანის უფლებების საბჭო. ამის მიზეზი გახდა საბჭოს რეზოლუციები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ისრაელის პოლიტიკის კრიტიკას შეიცავდა.