„ვასმედია“ ეთერში 14 ოქტომბერს დაბრუნდება
სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 14 ოქტომბერს, კვირას გავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა გვანცა გორდეზიანმა. მისი თქმით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს გადაცემა „ვასმედია“ დაიხურა 30 სექტემბერს გასული გადაცემის გამო. ამ გადაცემაში წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა. გვანცა გორდეზიანის თქმით, იგეგმება გადაცემის ფორმატის ცვლილება და გადაცემის შეჩერებაც სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდება:
„გვქონდა ტექნიკური პრობლემა. პირველი გადაცემაც ვერ გავიდა ეთერში. გვინდა ფორმატის გაფართოება და ახალი რუბრიკის დამატება. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ გადაცემის ორი კვირით შეჩერება. თუმცა გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გადაცემა ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო დაიხურა, რაც სრული სიცრუეა და ამიტომ ამ ჭორების თავიდან აცილების მიზნით, გადაცემა მომავალ კვირას, 14 ოქტომბერს, ჩვეულ დროს გავა ეთერში“.
გადაცემა „ვასმედია“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 16 სექტემბრიდან გადის. მეოთხე გადაცემა ეთერში 7 ოქტომბერს უნდა გასულიყო.