ევროკავშირმა რუსეთი დაადანაშაულა ოლეგ სენცოვის უფლებების დარღვევაში
ევროკავშირმა რუსეთს კვლავ მოუწოდა, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. ევროკავშირის განცხადებით, ოლეგ სენცოვმა 145 დღიანი შიმშილობით გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე და ვაჟკაცობა, თუმცა მისი ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობამდე გაუარესდა. ევროკავშირი აღნიშავს, რომ ოლეგ სენცოვს სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობა არ უტარდება, რითიც რუსეთი არღვევს მის უფლებებს და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს. ევროკავშირის შეფასებითვე, უკრაინელი რეჟისორის მიმართ დარღვეულია მართლმსაჯულების ელემენტარული სტანდარტებიც. ევროკავშირი ოლეგ სენცოვს სოლიდარობას უცხადებს და მისთვის სწრაფი და ადეკვატური მკურნალობის გარდა მოელის რუსული საპატიმროებიდან არა მხოლოდ სენცოვის, არამედ უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ოლეგ სენცოვმა 6 ოქტომბრიდან შეწყვიტა უკრაინელი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით 14 მაისს დაწყებული შიმშილობა. ადვოკატის მეშვეობით გავრცელებულ წერილში სენცოვმა შიმშილობის შეწყვეტის მიზეზად დაასახელა იძულებით გამოკვების საფრთხე.
რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. რეჟისორის გათავისუფლებას მოითხოვენ დასავლეთის სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი.