რუმინეთში არ შედგა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმი
![რუმინეთში არ შედგა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმი](https://gdb.rferl.org/FEAABC82-B0E9-4A26-B21B-6C64D702651C_w800_h450.jpg)
რუმინეთში ლგბტ თემის აქტივისტები მიესალმებიან იმ რეფერენდუმის ჩავარდნას, რომელსაც უნდა აეკრძალა ქორწინება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის. აქტივისტების აზრით, ეს შედეგი მოწმობს, რომ მოქალაქეებს სურთ "რუმინეთი დაეფუძნოს დემოკრატიულ ღირებულებებს". ჯგუფმა სახელად Accept 7 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, "ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვერ მოგვატყუებენ ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელსაც სურს სიძულვილი ჩაგვინერგოს და საზოგადოება გახლიჩოს". რუმინეთში 6-7 ოქტომბერს გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც კენჭს უყრიდნენ კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი შესწორების შეტანას. რუმინელებს რეფერენდუმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ ლივიუ დრაგნეა, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და გავლენიანი რელიგიური ჯგუფები. თუმცა, ქვეყნის საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აქტივობამ მხოლოდ 20,4 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია კანონით დადგენილ აუცილებელ ზღვარზე, 30 პროცენტზე. შემოთავაზებული შესწორებით კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრება "მეუღლეთა კავშირის" ნაცვლად ჩაიწერებოდა, როგორც კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის - რათა მომავალში არ მომხდარიყო ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონება.