ბულგარეთი: ჯერჯერობით არ იკვეთება ნიშნები, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მის საქმიანობას უკავშირდება
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მლადენ მარინოვის თქმით, ჯერჯერობით არ იკვეთება მტკიცებულება, რომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობა, რომელმაც ქვეყანას თავზარი დასცა, მის საქმიანობას უკავშირდება. "ეს გაუპატიურების და მკვლელობის საქმეა" - აცხადებს მარინოვი, რომელიც 8 ოქტომბერს ჩრდილოეთის ქალაქ რუსეში ჩავიდა, რათა გამოძიებას უხელმძღვანელოს. 30 წლის მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს, რუსეს ერთ-ერთ პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. პოლიციის თქმით, ის სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს და გამოძიება იკვლევს როგორც მის პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებას. მარიკოვას სიკვდილს მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია და მოწოდებები სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისკენ. ვიქტორია მარინოვა იყო ცნობილი ტელეჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ასევე ერთ-ერთი ხელმძღვანელი კერძო ტელეარხ TVN-სა. რამდენიმე თვის წინ ის საგამოძიებო გადაცემის წამყვანი გახდა. ამ გადაცემაში ახლახან გავიდა ინტერვიუები სავარაუდო კორუფციაზე კერძო კომპანიების მიერ ევროკავშირის თანხების ხარჯვის პროცესში.